logo
ENG



ოცნებაში არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება - მდინარაძე "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვაზე

03 მაი 202314:31
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, ქართულ ოცნებაში "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ კანონის მიღება არ განიხილება.

მისი თქმით, ამის რამდენიმე არგუმენტი არსებობს, მათ შორის, სამართლებრივი მოსაზრებებით ეს კანონი "არაა მისაღები". მდინარაძის აზრით არის პრაგმატული არგუმენტიც, რომლის მიხედვითაც "ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომელიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს".

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა" უნდა დაუპირისპირონ და არა "სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს".

"ქართულ ოცნებაში არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება - ასე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე - არ განიხილება და ამას აქვს თავისი არგუმენტები. მათ შორის მთავარია, სამართლებრივი მოსაზრებების გამო არ განიხილება. მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომელიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს და მესამე, მე პირადად და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ შეიძლება ვიღაც მართალი აღმოჩნდეს ან არა. ანუ პროპაგანდის თვალსაზრისით თუ ვსაუბრობთ, არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა ჯობია დაუპირისპირდეს. სამართლებრივი მოსაზრებებით ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის მისაღები და მესამე, შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი და ამიტომ, ჩვენთან არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება",-განაცხადა მდინარაძემ.

ქართული ოცნების ლიდერის თქმით, მმართველი პარტია არ დაუშვებს რომ "რომელიმე ჯგუფის ინტერესები და უფლებები დაირღვეს", თუმცა მისი თქმით, "ამისგან რა თქმა უნდა, უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა".

ძალადობრივმა, პრორუსულმა ჯგუფმა ალტ-ინფომ პარლამენტში გასული წლის ნოემბერში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში და გაჩნდეს შემდეგი მუხლი: "აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას".

ქართული ოცნების სატელიტურ ჯგუფებში "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვის საკითხს აქტუალურს ხდიან.

დღეს ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ კვლავ განაცხადა პარლამენტში, რომ "ლგბტ პროპაგანდა" უნდა აიკრძალოს. მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტის მომზადებასაც გეგმავს.

 

close დახურვა